საქართველოში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდა. ახალი პროგრამის მეშვეობით მედიკამენტების მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000-ს ჩათვლით და აქვს გულსისხლძარღვთა დაავადება, ფილტვის ქრონიკული დაავადება, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ან დიაბეტის მეორე ტიპი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამით სარგებლობის შესაძლებობა დაახლოებით 700 000-მდე სოციალურად დაუცველს ექნება.