ნენსკრაჰესის კრედიტორთა საბოლოო ჯგუფი 2017 წლის მესამე კვარტალში დასახელდება. როგორც კომპანიის ანგარიშშია აღნიშნული, პოტენციურ დამფინანსებელთა შორის არიან ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპული საინვესტიციო ბანკი და კორეის განვითარების ბანკი.
"ნენსკრა ჰიდროს" ცნობით, დამფინანსებლების ეს ჯგუფი შეიძლება შეიცვალოს 2017 წლის მესამე კვარტლამდე, სანამ დაიხურება პროექტის დაფინანსების ვადა. პროექტის ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდი დოლარია, საიდანაც 70% მოზიდული იქნება სწორედ ამ ბანკებიდან, შეღავათიანი კრედიტის სახით. ნენსკრაჰესის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია. დაგეგმილია 130 მეტრი სიმაღლის და 870 მეტრი სიგრძის კაშხლის მოწყობა მდინარე ნენსკრას ზედა დინებაში, რაც შექმნის დაახლოებით 176 მილიონი კუბური მეტრი მოცულობის წყალსაცავს.