სინგაპურელმა მეცნიერებმა კანის უჯრედებისგან სისხლის უჯრედების შექმნა შეძლეს. მათ ექსპერიმენტები ვირთაგვებზე ჩაატარეს. აღნიშნული მეთოდით შექმნილი სისხლის უჯრედები მღრღნელების ორგანიზმში რამდენიმე თვის განმავლობაში ცირკულირებდა. წინა ეტაპზე განხორციელებული ექსპერიმენტების ფარგლებში ერთჯერადი ინექციით შეყვანილი უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე კვირას არ აღემატებოდა.კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ სისხლისა და კანის უჯრედები ბევრი ნიშნით განსხვავდება ერთმანეთისგან, ძალზე ძნელია მათზე უფრო განსხვავებული ტიპის სხვა უჯრედების გამოყოფა. იმისათვის, რომ გადაეწყოთ კანის უჯრედები სისხლის უჯრედებად, მკვლევარებმა გამოიყენეს ოთხი განსხვავებული ფაქტორის კომბინაციის ზემოქმედება. აღნიშნული ოთხი ფაქტორი ნორმაში სისხლის უჯრედებში ექსპრესირდება.
მკვლევარები ახლა ამ შემუშავებული მეთოდიკის ადამიანების უჯრედებზე გამოცდას გეგმავენ. თუ გამოცდა წარმატებით ჩაივლის, რეგენერაციული მედიცინა განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე გადავა. ამ გზით შექმნილი უჯრედების გამოყენება წარმატებით მოხდება იმუნური დარღვევების მქონე პაციენტებთან და ასევე იმ პირებთან, რომლებსაც სისხლის გადასხმა ესაჭიროებათ. ეს მეთოდი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს პაციენტებს ოპერაციების დროს, აგრეთვე ანემიებისა და სიმსივნური პათოლოგიების მკურნალობისას.