„ჩვენთვის გაუგებარია ის რომ ჩამოწერილები ვართ“ - აცხადებენ ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები და დახმარებისთვის პრემიერ მინისტრს მიმართავენ. დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით მორიგი პროტესტის აქცია მათ მთავრობის კანცელარიასთან გამართეს. ისინი გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ, რათა მათი პრობლემების შესახებ მთავრობის მეთაური საქმის კურსში ჩააყენონ. სპორტსმენები ამბობენ, რომ კულტურისა და სპორტის მინისტრთან და ოლიმპიურ კომიტეტთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. სწორედ ამიტომ სურთ არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია პრემიერს მიაწოდონ. ცნობისთვის ძიუდოისტების პროტესტი უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. ისინი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. სპორტსმენები ქევხიშვილს ერთპიროვნულ მმართველობასა და ბიუჯეტის არასწორ ხარჯვაში ადანაშაულებენ.